საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში, უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და სააღრიცხვო კანონმდებლობის შემუშავებას და დაცვას, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას.

სამინისტროს ძირითადი კომპეტენციები და უფლებამოსილებებია:
საქართველოს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადება, ასევე მომდევნო 4 წლისათვის მთავრობის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების ჩამოყალიბება;
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი, შესრულების ანგარიშის მომზადება და წარდგენა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის;
მთავრობის ფულადი სახსრების მართვა;
ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფა;
სახელმწიფო ვალის მართვა;
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან თანამშრომლობა ქვეყნის სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებით;
სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.